May 9th, 2009

sameba
  • meskhi

News from MeskhiNet - Nugzar Shataidze "The Bread Story"



პურის მოთხრობა

კიდობანი


ბავშვობაში, კარს რომ გავიჯახუნებდით და უფროსებზე გამწყრალები შინიდან წავიდოდით, დედა მოგვაძახებდა ხოლმე - სად მიდიხართ, თქვე სულელებო, აქ მოგიყვანთ კიდობანიო.

პურის კიდობანს გულისხმობდა.

მართლაც, მოშიებულებს, უკან მობრუნებულებს, ვინ იცის, ჩუმად რამდენჯერ აგვიხდია ჩვენი კიდობნის სახურავი, ვინ იცის, რამდენჯერ გავბრუებულვართ იქიდან ამოჩქროლებული პურის სურნელით, რამდენჯერ მოგვიბრუნებია შიმშილისაგან გადალასლასებული გულები.

...

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თითქმის ორმოცდაათი წელი და შარშანდლამდე არც კი ვიცოდი, სად წავიდა ის ჩვენი პურის კიდობანი. შარშან, სოფელში რომ ჩავედი, ისეთი ძანძახი დამხვდა, რეზინის ჩექმებს დავუწყე ძებნა, ვერსად ვიპოვე და ბოლოს, სხვენში რომ ავედი, ერთ ბნელ კუთხეში ჩვენი კიდობანი არ დავინახე?!

მივედი ნაღვლიანი ღიმილით ავხადე და შიგ ჩავიხედე.

ნეტავი კი არ ამეხადა... რაღა არ დამხვდა შიგ: ნამგლის პირი, ჯაჭვის ნაწყვეტი, დაშლილი დუქარდი, გატეხილი ქასური, ძველი სადგისი, რქის სათითურები, ქაშანურის ნატეხარი...

ვიდექი, დავჩერებოდი იმ გამოუსადეგარ ნივთებს და რატომღაც მაგონდებოდა ერთი ძველი ლექსი, რომელიც ბალღობის მერე აღარსად გამეგონა:

თებერვალი ბერავდაო,
მარტი კაბას კერავდაო,
აპრილი გაჩქარებული
სახნის–საკვეთს კვერავდაო...
თითქოს მესმოდა ცაში აჭრილი ტოროლების გაბმული წკრიალი, მწყრის „ქვიტკირი” და გუგულის „კაფე–თესე”, უეცრად გავიგონე ტკბილი, ძარღვეების „ოროველაც”:

შენი ჭირიმე გუთანო,
მაგ შენი მრუდე ყელისა,
შენა ხარ პურის მამყვანი,
დამძველებელი ქერისა...

და რაღაც სასწაულის ძალით, დავინახე ხევგაღმა, ფერდობზე გაბაწრული გუთნეული თავისი გუთნისდედითა და მეხრეებით, ღირღიტითა და სახნის–საკვეთით, ჯამბარითა და ხარ–კამეჩით...

იმ ბნელ სხვენში, როგორც კინოთეატრის ჩაბნელებულ დარბაზში, ერთმანეთს ენაცვლებოდა ნიავს აყოლილი მოკურფღლავე ჯეჯილები, მზეკაბანით ჩაგვირისტებული დაპურებული ყანები, ნამგალი და ცელი, ფიწალი და არნადი, წისქვილი და თონე.

ზოგჯერ გაიელვებდა დიდი ხნის წინათ გარდასულ, საყვარელ ადამიანთა სახეებიც, იმათი მზეზე გახუნებული თავშლები, სპეტაკი ხილაბანდები, ნაბდის ქუდები, მატყლის თეთრი წინდები...

ისინი, რახანია, წასულიყვნენ, სათითაოდ გაყრეფილიყვნენ და თან წაეღოთ დაკოჟრილი, მაგრამ მაინც ლბილი და ალერსიანი ხელები, მტკივანი სახსრები, შუქდაკლებული თვალები, გატეხილი გულები.

მათთან ერთად გამქრალიყო კალო და კევრი, ხარი და გუთანი, ტაბიკი და აპეური.

განელებულიყო ფქვილის ამბრისა და პურის კიდობნის სურნელი, დავიწყებას მისცემოდა უამრავი სიტყვაც და მართალია, მიწა ისევ იმოსებოდა მწვანე ბალახით, ისევ ჭიკჭიკებდნენ და უსტვენდნენ ჭრელი ჩიტები, მაგრამ ახლა იმათ სახელები აღარ ჰკონდათ ― უსახელოდ ყვაოდნენ, უსახელოდ ჭიკჭიკებდნენ.

წასულიყვნენ და თან წაეღოთ იმ ბალახების, ყვავილებისა და ფრინველების სახელები, წაეღოთ მთელი ის ტკბილ–მწარე ცხოვრებაც და ახლა მხოლოდ აქ, ამ ბნელ სხვენშიღა დარჩენილიყო მისი უსიცოცხლო ნაწყეტები.
...

წაიკითხეთ –> http://meskhi.net/puri.htm

ექსკურსიები-ტურები საქართველოში - ვის მირჩევდით?

კითხვა მაქვს პატივცებულ საზოგადოებასთან - მირჩიეთ ვის მივმართო\მივაკითხო ერთკვირიანი ტურით საქართველოს დათვალიერების თაობაზე?

მინდა მეუღლეს ვაჩვენო ქვეყანა სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი... თითქმის ყველგან ვარ ნამყოფი სტუდეტობის პერიოდში, მაგრამ განსაკუთრებით მინდა ვნახოთ სვანეთი, გელათი, მესხეთი (ხერთვისი, თმოგვი, ვარძია).  უდროობის გამო არ გამოვა რომ ჩემ თავზე ავიღო ლოგისტიკა, გაცილებით უფრო პროდუქტიული იქნება თუ პატარა კომპანიას მივუერთდებით და გვეცოდინება სად მივდივართ, როდის და  სად ვათენებთ ღამეს.

რეკომენდაციებზე წინასწარ მადლობას გიხდით.