April 2nd, 2009

sameba
  • meskhi

$200

ამოვიარეთ სოფელი და გზა ყანაში გაგრძელდა. ერთ დიდ ხარვეზად გადაქცეულ ყანაში ბიბინებდა მწვანე ბალახი. ადრე აქ ხორბალს თესავდნენ, მაგრამ იმის მერე რაც ყანა ზოლებად დაჭრეს და სოფლის გლეხი გახდა ერთი ზოლის უტრაქტორო პატრონი, თესავენ ძირითადად სიმინდს, ლობიოს ან საერთოდ თიბავენ ბალახს ზამთრისათვის.
- რატომ არა ხნავთ? - ვკითხე მე ვარლამს.
- ტრაქტორი ვერ მოვიყვანეთ, ჯერ.
- რა ღირს ეს ოხერი, ერთად ვერ იყიდით, სოფელმა რომ შეაგროვოს ფული?
- რას ლაპარაკობ? სამი დღეა შუქები არა გვაქვს - სინათლის ფულს ვერ იხდის ხალხი, ზოგს 30 ლარი აქვს დავალიანება, ზოგს 50 ლარი. მე გადახდილი მაქვს, მაგრამ ვზივარ უშუქოდ.
ცოტახანს ვიარეთ აღმართში ჩუმად.
- ხედავ რასა შვებიან? - მითხრა ვარლამამ, - ასწლიან კაკლის ხეებს ჭრიან.
- ეგ რა ნამუსით? თან რამხელა ამწე-კრანი მოიყვანეს.
- შენ აქ დამელოდე - ეხლავე მოვალ - მითხრა ვარლამამ.
მე კამერა ამოვიღე და გადავიღე ამწეს ტროსით აწეული უზარმაზარი კაკლის ხე.
ვარლამა მალე მობრუნდა.
- რა უთხარი?
- პაპაშენის დარგულს რომ ჭრი, შენი შვილიშვილი არ ამოვა ამ ყანაში? ჯერ დარგე - მერე მოჭერი.
- რაო, მერე, რა გიპასუხა?
- არაფერი, ჩუმად იყო.
- მაშ გული მოიფხანე. რამდენს აძლევენ ამ ხეში.
- ორას დოლარს.
- ჰო... აბა რა გამოვა? ასწლიან ხეში ორასი დოლარი - წელიწადში ორი დოლარია... არ არის ძვირი... აბა რა გაეწყობა? წამო, წამო.

kaklis xe

kaklis xe

© ს. მესხი