January 30th, 2009

sameba
  • meskhi

აკაკის ოხუნჯობა და გაზეთი ”დროება”

...
იმ ხანებში „დროების“ რედაქცია ერევნის მოედანზე იყო მოთავსებული.
სერგეის მეუღლე, ილია ჭყონია და მე რუსეთის, უცხოეთის საახალამბავო თუ სანარევო და ხვა ცნობებს ვკრებდით გაზეთებიდან. რასაც რედაქტორი შემოგვიხაზავდა, ან თავათ „დროების“ მკითხველებისათვის საცნაურად დავინახავდით.
იმ დროს აკაკი ხშირი სტუმარი იყო რედაქციისა. ღამესაც იქ ათევდა.
აქ მაგონდება ერთი ცოტად საჩოთირო ნაოხუნჯევი ჩვენი დიდი მგოსნისა. ხოლო დიდად საბოდიშოდ არ უნდა მქონდეს საქმე: აკაკი დიდი ვინმე იყო და მისი მახვილი ხუმრობის თვით უხერხულობაც ყურს არ უნდა ეჩოთიროს. მგოსნის ყოველ ნათქვამს საზოგადოების კუთვნილებად ვრაცხს და ამ საბუთით ამ ოხუნჯობასაც ვამზეურებ...
ჩემს ძმას სერგეის ძალიან უყვარდა საზოგადოდ ცხოველები და განსაკუთრებით ჩხიკვი — მატია ჩიტი. სერგეის საწერი მაგიდა და საერთოდ მთელი რედაქცია აფორიაქებული იყო ამ მატიასაგან. რასაც მოიტაცებდა, ფხრეწდა, მალავდა. შეახდებოდა მუშაობის დროს სერგეის მხარზე, თავზე, გადაახტებოდა, სწვდებოდა კალმისტარს, ექაჩებოდა... სერგეი ალერსით ეტყოდა ხოლმე: მატია შე საძაგაელო! — მოიშორებდა, მაგრამ ჩიტი მოუსვენარი იყო. დაუზარებლად მუშაობდნენ რედაქტორი და მატია...
ზაფხული იყო. თბილისის სიცხეები. აკაკის ხალს ან ჭილობს გავუფენდით იატაკზე, ზეწარს გავუშლიდით ზეწარსვე — სახურავად. პერანგა წვებოდა. რედაქციის ამ დიდ ოთახში ვწვებოდი მე და ჩემი ძმა ნესტორიც, რომელიც იმ დროს კახეთში, ყვარელში იყო მასწავლებლად და არდადეგების გამო შინისკენ, ქუთაისს მიმავალმა თბილისში გამოიარა. ნესტორი ძალიან ფაქიზი კაცი იყო, თანაც გულფიცხი; არისტოკრატიული მიდრეკილებაც ჰქონდა. აკაკი ფხიკიან იმერელს ეძახდა, ვერც იმის არისტოკრატულობას ურიგდებოდა. ყვარელში ნესტორი ჭავჭავაძეების ოჯახებში ხშირი სტუმარი იყო, სანატრელი სტუმარი ყველგან, როგორც კარგი „სუფრის კაცი“, მახვილი მოსაუბრე, მომლხენი, მომღერალი, მაცეკვარი... აკაკის საკბილო არისტოკრატული ელფერი ნესტორს კახეთში, ჭავჭავაძეთა ოჯახებში ჰქონდა შენაძენი.
ერთხელ დილით აკაკის მხიარულ გუნებაზე, „თავის ღიმილით“ გამოეღვიძა. ვინც კი დაკვირვებული იყო, აკაკის ასეთი სახე იმის მეტყველი იყო, რომ პოეტს გონებაში ან ლექსი აქვს გამოკოპიტებული და ან უთუად რასმე იოხუნჯებს. ახლაც ასე იყო, გამოვიდა თუ არა სერგეი ოთახიდან, აკაკიმ მიაძახა:
სერგეი, სერგეი! ამ შენმა მატიამ სწორეთ სული ამოგვართვა, ძილი არ მოგვცა და მოსვენება. იალონზე მომპარვია და რაღაცას მაკვეტებს. რა უბედურებაა-მეთქი დაუქწიე, მოვისვი ხელი და შაქრის ნატეხი შემხვდა, ვესროლე წყეულს... გაბაციკუკდა, აიღო ეს შაქარი და ამ შენს სახლისკაცს ნესტორს, გულაღმა, პირღია რომ ეძინა, შიგ პირში ჩაუდვა ის შაქარი და მოკურცხლა.
გაღვიძებულმა ნესტორმა რომ ეს ამბავი გაიგონა, წამოვარდა და ფურთხება დაიწყო...
— არა ბიძია, რაღას აფურთხებ, ის შაქარი ახლა უკვე გამდნარია შენს კუჭში, — დასძინა აკაკიმ.
ნესტორი გაწიწმატდა, ჩვენ სიცილი შეკვსკდა, აკაკი თითქო ნაწყენი იყო, ისეთი სახე მიიღო...
საზოგადოდ ეს გაიძვერა და უკუღმართი მატია რედაქციაში ბევრს დავიდარაბას ახდენდა...
ერთხელ, სერგეის ავადმყოფობის დროს მახსოვს, დილით მაგიდაზე ასეთი ბარათი დამხვდა:
„ულტიმატუმი.
რედაქციაში ან მე, ან მატია! ნაშუაღამევამდე ვწერდი. მატიაც ჩემთან მუშაობდა. დავიდარაბით ერთი სტატია მოვაცოდვილე, მარა ამ შეჩვენებულმა ერთი ფარატინი მომტაცა და ვერ მოვიძიე. კაცო, ამისთანა უბედური ცენზორი არც ლუკაა (ისარლოვი — მაშინდელი ცენზორი) ჩვენთვის: ის ვირთხა წითელი მელნით გვახჩობს და მატია ბატონი დედნებს გვიფხრეწს. მოიძიე, თუ ძმა იყო, დათიკო, გადაიკითხე და დილით სტამბაში გაგზავნე. იონა“
მაშინ რედაქცია გოლოვინის (რუსთაველის) პროსპექტზე იყო, მუხრან-ბატონის სახლში. იონა მეუნარგიაც გვაწვდიდა იმ დროს წერილებს...
.....
შაბათ საღამოს თუ სხვა უქმიძალს, როგორც მოწაფეობისას, ისე შევხაროდი.
ერთ შაბათს მოვრჩი საქმეს, მხიარულ გუნებაზე ვარ. ხვალ კვირის ნომერი გაზეთისა ლაზათიანი იქნება, შერჩეულ მასალასთან აკაკის ფელეტონი იქნება — „ცხელ-ცხელი ამბები“.
„საპრაზნიკოთ“ გამოვეწყვე, ჩოხა-ახალოხი, ხანჯალი, რევოლვერი. უნდა გავისეირნო მუშტაიდისაკენ გულის გასაგრილებლად, სულის მოსაბრუნებლად... შემოვარდა გაზეთის უფროსი ასოთამწყობი — დიომიდე კილაძე, გაბრაზებული. დაანარცხა მაგიდაზე ცენზორის ფარატინები: „ჰა! მიირთვი, იგივე... ნახე, რა, რა უქნია იმ მ...ლს! აკაკის ფელეტონი ერთიანად წითელი ხაზებით“...
მეცეცსლა. დავავლე ხელი ფარატინებს და იმავ წამს ცენზორისაკენ! გაცეცხლებული შევიჭერი ოთახში. რომ დამინახა ჩერქეზი შეკრთა. არც სალამი, არც ჩალამი:
— აბა!.. ეგ წითელი მელანი იქით! აიღე შავი და ახლავ გაუშვი ეს ფელეტონი, თვარა...
— რა ამბავია, ვინ ხარ შენ!? შემკრთალი მეკითხება.
— ხომ ხედავ ფარატინებს, ვერ მიხვდი, სიდანაც უნდა ვიყო!? ახლავე გადახაზე შავით ეგ წითელი ხაზები და წააწერე — დაიბეჭდოს, ჩქარა! მივაძახე და თან ხანჯალზე ხელი დავიდე.
— კაცო! შამილობაა... რა ამბავია!?
— შამილაცა ვარ და ქიარიმაც! უსისხლოდ აქედან არ წავალ, თუ წამში არ გაგიშვია ეს ფელეტონი! მალე, მალე, გაზეთს აგვიანდება.
აცახცახდა, ლუღლუღი დაიწყო, მგონი dominus vobiscum-ს ჩურჩულებდა (კათოლიკე იყო)... გადაუსვა წითლებს შავი მელანი და წააწერა — დაიბეჭდოსო.
ამის შემდეგ — მეორე თუ მესამე დღეს — კიდევ გადააწითლა რაღაც წერილი. მივედი, სამუშაო ტანისამოსით ვიყავი, დაუყვავე, მოვალბე და წერილიც გაუშვა.
— ჰო და, შენ მოდი ხოლმე! გუშინასწინ ის ვინ იყო, გიჟივით შემოვარდა აქ კინარამ აგვკუწა, იარაღით შემომიტია!..
ვერ მიცნო...
ყოვლად საზიზღარი რამ იყო ეს ისარლოვი... ბებერ ვირთხას მოგაგონებდა, მუნიანს... გასაგებია — ორასთუმნიან ჯამაგირს უფრთხილდებოდა, თანამდებობის ერთგული ძაღლი იყო... ჩვენს ამბავს რას სჩიოდა...
სერგეი მესხს თოთხმეტი წლის განმავლობაში რამდენი სატანჯველი უნდა გაევლო ასეთი ცენზორების ხელში?!
ურედაქტორო, დაობლებულ „დროებას“ ჩვენი სახელმოხვეჭილი მწერლები და საზოგადო მოღვაწენი ყურადღებას არ გვაკლებდნენ. შემოდიოდნენ, გვამხნევებდნენ, გვაქეზებდნენ.
აკაკის წვევა დღესასწაული იყო ჩვენთვის, თუ რასმე დამზადებულს მოგვიტანდა, თუ არა და დავეღრიჯებოდით, დავსვამდით რედაქტორის ოთახში და მალე ან ლექსი იყო მზად, ან სხვა რამ სხარტული მასალა, რაც გაზეთის ნომერს შნოს აძლევდა.
ჩვეულებრივ მოგვინახულა მგოსანმა. შემოვიდა ღიმილით, ჩუმი ღიღინით. ჩვენც გავმხიარულდით, ვიცოდით, რომ ასეთ გუნებაზე როცაა, უთუოდ აქვს რაიმე ძვირფასი ძღვნად. დაჯდა, იგივე ღიმილი, მხიარული სახე.
— ჰო, კარგი ახლა, რაღას გვაწვალებ, მოიტა! — და ხელი გაუშვირე.
— ჯიბეს გაიკარ ხელია! — უხუმრა ხონელმა.
— არა, შვილო, იმ ჯიბეს ერთხელ თქვენც გაიკარით ხელი! — გვეუბნება. — ეტლი მიცდის, გაისტუმრეთ და... ლექსიც იქნება!
— ამ ერთი მანეთის მეტი არაა რედაქციაში, შემოგფიცავ, აკაკი! — და მანეთიანი გავუწოდე.
— დაჯერდება... მეც უნდა დაგჯერდე, მეტი რა გზაა?!
და ამოიღო, წაგვიკითხა „არაბი ფაშა“, საუცხოო ლექსი, აჯანყებული აბაშელების სარდალზე დაწერილი. აღტაცებით მოვისმინეთ. პეტრე უმიკაშვილმა სთქვა:
ყმაწვილებო, ქართული მწერლობის მომავალმა მემატიანემ, დეე, გულის ტკივილით მოიხსენიოს ის ფაქტი, რომ საქართველოს უწარჩინებულეს მგოსანს — აკაკის ერთადერთი ქართული გაზეთის რედაქციამ ერთი მანეთი მისცა ისეთს ლექსში, როგორიც „არაბი ფაშაა“!
— დეე, ისიც მოიხსენიოს იმ მემატიანემ, რომ ამ რედაქციის ოთხი თანამშრომელი იმ ერთი მანეთის იმედით იყო და დღეს უსადილოთ დარჩებიანო. — დასძინა ილია ხონელმა.
— პური ჩვენი არსებისა მოგვეც ჩვენ დღეს! — დაუმატა სოსლანმა.
...
http://meskhi.net/datiko/
  • natakxa

Прошу совета

Кто может порекомендовать хорошую стоматологическую клинику в Тбилиси?
Чтобы там и с детьми тоже гуманно обращались?
А уж если еще там и по страховке лечат, то совсем хорошо (ALDAGI BCI или GPI)

Спасибо всем заранее!